Monday, October 11, 2010

" უკვე შენთან ვარ! ნაზია ღამე.. "

  “მაშინდელივით ახლაც წვიმაა ციურიხში. რამდენიმე დღით ჩამოვედი ბავშვებთან ერთად და ბოლოსდაბოლოს მოვაბი თავი შენთვის წერილის მოწერას.
ალბათ ბანალურია იწყებდე წერილს ამინდზე წერით.
ასე მაშინ ხდება, როცა სათქმელი იმდენად ბევრია, რომ ყველაზე უმნიშვნელოთი იწყებ მას.
ვიცი რომ ამჯერად ციურიხში ხარ და რატომღაც მომესურვა ფინჯან ყავაზე მომეპატიჟე, თუმცა ტომის გამო უარის თქმა მომიწია საკუთარი თავისთვის.
ტომს ვუყვარვარ. ზუსტად ისე, როგორც შენ ისურვებდი.
გეთანხმები, ნამდვილად უაზრობაა უყვარდე მეუღლეს ისე, როგორც მისი ყოფილი ქმარი ინატრებდა, მაგრამ ტომი ამას ვერც კი ხვდება და როგორც ყველა შეყვარებული მამაკაცი, თვლის, რომ ქვეყნად ყველაზე განსაკუთრებულად ვუყვარვარ და რომ ჩვენი გრძნობა არ არის შედარებითი.
ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მასთან ვარ, სწორედ ეს არის. მისი შემყურე, ჯერ კიდევ ვიჯერებ რომ ხანდახან რეალობაზე სასურველი ლამაზი ტყუილი არის და რომ ჭკვიან ადამიანებსაც უყვართ ხანდახან თავის მოტყუება.
მას მარტივად ვუყვარვარ და შენი სიყვარულივით დამღლელი არაა მისი გრძნობა.
ყოველ დილით შეუძლია მითხრას, თუ რა მშვენიერი ვარ, როცა ახალგაღვიძებულზე თბილად ვუღიმი.
მან კი არ იცის, რომ შიზოფრენიით შეპყრობილი ადამიანები ძნელად გამოერკვევიან ხოლმე ძილიდან და ეს ღიმილი მხოლოდ სიზმრების კვალია სახეზე.
მას სჯერა, რომ მხოლოდ მისთვის ვიღიმი, განა ეს საოცრება არ არის, დიკ?
გჯეროდეს იმის, რაც ასე ძლიერ გსურს.
ადრე შენც ისურვე ჩემი გამოჯანმრთელება და ეს ნატვრა ისეთი მტკიცე და ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ ასრულებისთანავე გაგანადგურა.
კაცი, რომელსაც ოცნებები უხდება, საბრალოა.
დიკ, მე არ მდომებია არასოდეს შენთვის ცუდი და ტომის სიყვარულზე აყოლა მხოლოდ ამის დადასტურებაა.
(როცა ძალიან მოგენატრები, წარმოიდგინე ხოლმე, როგორი სასაცილო ვარ, როცა სიყვარულს ვთამაშობ. ჩემი ჰალუცინაციები ხომ ისეთი რეალურია, რომ ვერაფრით ვიწვევ მათ სპეციალურად, ამიტომაც გაფუჭებული თოჯინასავით ვიმეორებ ყველაფერს, რასაც ტომი აკეთებს ჩემ გამო. ალბათ ამიტომ ჰგავს ეს ურთიერთობა იდეალურს).
მე გიღალატე, რომ გადამერჩინე.
(ჰო, ხანდახან ასეთი უღვთოა გრძნობები…)
დიკ, მე აღარ ვხარხარებ, როცა მტკივა…
შენ იცოდი, რომ ეს შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის თავდაცვითი რეაქციაა, ტომი კი ფიქრობს რომ დავცინი, როცა ბოლო ხმაზე ვხარხარებ.
შეყვარებული კაცი ხომ ყველაფერს ეგოისტურად უდგება. საყვარელი ქალის ყოველი ქმედების მიზეზს საკუთარ თავში ეძებს.
იცი, დიკ, როცა ძალიან მეცინება, სხვენში ვიკეტები. მტვრით მევსება ხოლმე ასეთ დროს ფილტვები და ტუჩებზე ხელისგულაფარებული ბოლომდე ვუშვებ ემოციებს და მოგუდულ ხმაზე ისმის ჩემი ხარხარი.
მას მერე ზუსტად 3 წელი გავიდა.
შენი წერილები სხვადასხვა ქვეყნიდან მომდის და იმდენად განყენებულ, გაცვეთილ და უბრალო ბარათებს წააგავს, თითქოს მათ ბავშვი წერდეს.
დიკ, შენ ცხოვრების მწვერვალს მიაღწიე 3 წლის წინ და ახლა ქვემოთ ეშვები.
ო, დიკ… მე რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ შეგხვდე ისე, თითქოს პირველად გხედავდე, აუცილებლად აგივლიდი გვერდს.
ჩვენი სიყვარული იმდენად ცოცხალი იყო, რომ ერთ–ერთის ენერგია ბოლომდე შთანთქა, რათა ეარსება…
შენ რომ როზმერისთან არ გეღალატა ჩემთვის, შესაძლოა ყველაფერი ასე არც მომხდარიყო.
ის, ახალგაზრდა, ლამაზი გოგონაა, მაგრამ რა შეეძლო მას შემოეთავაზებინა შენთვის გარდა იმისა, რაც გააჩნდა?
სილამაზე კი ჭკნება და ეს ჩემზე უკეთ შენ იცი.
იმდენად კარგად იცი ეს ყველაფერი, რომ როზმერი მიატოვე.
ახლა მარტოსული და ნაწილ–ნაწილ დაშლილი სამყაროში დაბორიალობ და ვერაფრით გაგირკვევია, სად დაკარგე სიცოცხლე…
ის კი ჩემთან არის, ჩვენს შვილებშია.
მათ თვალებში ვხედავ იმ განვლილ 10 წელს და ყოველდღე, გაღვიძებისას სიზმრიდან გადმოსული შენი სახე მაღიმებს, ტომს კი ჰგონია რომ ჯანმრთელი ცოლი ჰყავს, რომელიც მხოლოდ მას უღიმის დილაობით.
მე მიყვარს ტომი, ისე როგორც ქალებს უყვართ მამაკაცები, მაგრამ მე ვერაფრით შევიყვარებ მას შენსავით, დიკ…
შენ არასოდეს ყოფილხარ უბრალოდ მამაკაცი, შენ ჩემი ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ძაფი იყავი, რომელიც საკუთარი ნებით გავწყვიტე, როცა თავიდან დავიწყე სიცოცხლე.
მე აღარ ვიყურები შენი თვალებით და არც ხარხარის დროს მიხუტებს ვინმე გულში. რადგან არავინ იცის, რომ ასეთ დროს მტკივა და ეს ჩემი თავდაცვითი რეაქციაა…
ძაფები იმაზე ადრე წყდებიან, ვიდრე ჩვენ გვგონია…
როცა ადამიანი ამინდის ცნობით იწყებს წერილს, ის აუცილებლად მალავს რაღაც მნიშვნელოვანს.
დიკ, მე აღარ ვარ ძალიან ჭკვიანი და საშინლად ლამაზი ქალი.
მე უშენოდ უბრალოდ ნიკოლი ვარ…”

ავტორი: ქეთ
http://urakparaki.com/?m=4&ID=48069
   

4 comments:

nuca said...

არაა ეს ფიცჯერალდის :))))))) ეს წერილი ჩემი მეგობრის დაწერილია, ფიცჯერალდს საერთოდ არ ქონია არაფერი მსგავსი დაწერილი, ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა ნიკოლის ალაპარაკება და ეს მის ბლოგზეც დევს ;)
ისე კი მადლობა, ნიჭიერი მეგობარი მყოლია, კი ვიცოდი მაგრამ ეხლა დავრწმუნდი

ninuca said...

ვინაა შენი მეგობარი ? :) მითხარი და მივაწერ სახელს და გვარს :))

nuca said...

ნინუცა

http://urakparaki.com/?m=4&ID=48069 აი ამისია :)

ninuca said...

nuca madloba : )

Post a Comment