Friday, January 20, 2012

ყველაფერი კარგადაა შენ უკვე მკვდარი ხარ

გვიან ღამით, როცა ზოსიმე იღვიძებს ხოლმე გარეთ ძაღლი ყმუის, ზოსიმეს ძაღლი მგლის შვილია და სულ ტყისკენ გაურბის თვალი, მგლები კლდის თავზე ადიან და დაბმულ ძაღლს დასტირიან, რომელიც მათთვის ფინიას ნაშიერია და მათ მოძულე მტერთან ცხოვრობს.
ზოსიმე, როგორც ყოველთვის ლოგინიდან დილის 5 საათზე დგება, იცმევს, არაყს გადაკრავს და სანადირო თოფით ხელში გარეთ გამოდის. სადგომში ცხენს კაზმავს, ძველი უნაგირი აქვს წინაპრების ნაქონი. უკვე ამომძვრალი ვერცხლის სარჭეების ნაკვალევიღა რომ აქვს შერჩენილი...  ზოსიმეც ძველ ადამიანს გავს, ნიანდერტანელის გამომეტყველებით, გაბურძგნული თმით და წვერით, გლეხი კაცის უხეში ხელებით და ჩამოკონკილი ტანსაცმლით. განმარტოებით ცხოვრება მაშინ გადაწყვიტა, როცა  მისი ოჯახი ზვავმა ჩაიტანა, თვითონ სანადიროდ იყო წასული და როცა დაბრუნდა მისი სახლის ადგილას თეთრი სიკვდილი დახვდა. იმის შემდეგ იშვიათად ლაპარაკობს, ისიც მარტო თავისთვის... დღეს ზოსიმე ქალაქში აპირებდა წასვლას და ზამთრისთვის სანოვაგის ყიდვას, უცებ ცხენმა ფრუტუნი დაიწყო, მერე გაშეშდა და მისი სუნთქვის ხმაც აღარ ისმოდა, ზოსიმე დაიძაბა. ნაბიჯის გადადგმა დააპირა და ზურგს უკან ხმელი ფოთლების შრიალი იგრძნო. მკვდარი ლეშის და ტყის სუნი ერთმანეთში ირეოდა.  სწრაფად შემოტრიალდა , და  მის წინ მგლის ხროვა იდგა. თოფი მოიმარჯვა უნდოდა გადაეტენა, მაგრამ ჩახმახი ჩაიჭედა, ოფლმა დაუცვარა სახე და ზურგი. თოფი გადააგდო და გვერდით თივაში ჩაგდებულ ცელს ეცა.  მგლის ხროვიდან ყველაზე დიდი ნაცრისფერი მგელი წამოვიდა წინ და ზოსიმეს რეაქციაც მყისიერი იყო. მაგრამ მხოლოდ წინა ორი ფეხი მოკვეთა გაშმაგებული აბსურდულად ატრიალებდა ცელს, უკვე მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობდა. ერთ მოქნევაზე ცელი ცხენსაც მოხვდა კისერში და სისხლი ღვარად წამოვიდა, თავლას წითელი სიკვდილი ესტუმრა,   გარეთ ეზოში დაბმული ძაღლი ყმუოდა, თავლაში სამი დახოცილი მგელი ეგდო, თივაზე კი ზოსიმეს დაფლეთილ სხეულს ორი მგელი ჯიჯგნიდა...