Sunday, August 4, 2013

12 თვე და 3 კვირა

სხვანაირი წელი იყო წელს, საშინლად სევდიანი და ნახევრად ბედნიერი, ისეთი ბედნიერების შეგრძნება რომ ყოველთვის უკანა ფონზე გრჩება. ჩემი ერთ მეგობრის სიტყვები მახსენდება ესეთ დროს: "ყველაფერი სევდიანი ნინუცა, საერთოდ ყველაფერი"....

სამი წლის მერე ისევ  ვნახე მარილიანი წყალი, თეთრი ქაფი და ჰორტენზიების დიდ ბუჩქებში ჩემს თავს ვეძებდი... 

უჯრის გაღებისას "კორვალოლის" ტაბლეტის სუნი ტრიალდება ოთახში და ცოტა ვმშვიდდები. წამლები ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ...
მახსოვს ერთი პერიოდი კატაბალახას ფესვებიც მეკიდა ლოგინის თავზე მშვიდი ძილისთვის.

აღარასოდეს არ მოხდება რაც იყო ან  ყოველთვის შეიძლება განმეორდეს რაც იქნება. აბსურდს ხანდახან სწორ აზრამდეც მივყავართ. 
ეს კვირა გრძელი დატირება იყო. შავებში გახვეული სანათესავო და გოდება. 

ჩემი წარსულიდან  ალბათ ვერასდროს  გამოვალ. 
მე იქ ვცხოვრობდი.

Friday, May 10, 2013

დღე

საკითხი შემაჯამებელი ოქმი 10 მაისს 17 საათზე და გისოსებს მიღმა  მოქუფრული ცა.
თითქოს ციხეში ვარ.
დარწმუნებული ვარ ჩემ რამდენიმე ნაცნობს უკვე ყელში აქვს ამოსული ჩემი წუწუნი ჩემი სამსახურის შესახებ და მე მაინც ვიწუწუნებ, ადგნენ და არ მისმინონ....
ყოველიდღის ერთფეროვნება, დიდი რკინის კარის შეღების შემდეგ დაცვასთან მისალმება, საშვით შემოსვლა და გრძელი დერეფანის გამოვლა, დერეფნის ბოლოს სულ ბოლო ოთახში სამნი ვხსედვართ. მაგიდის მარცხენა მხარეს გაკრული ტელევიზიების განრიგი, დაყრილი ნივთები, კოინდარით სავსე ქოთანი.

მაგიდა ოთახიდან ამოვარდნილ სხვა განზომილებას უფრო გავს.
დროებით მაინც ვახერხებ და ვწყდები აქაურობას როცა ვკითხულობ.
სახლიდან მოტანილი წიგნებით მაქვს სავსე თარო და როცა ვუყურებ მეღიმება,
მე აქ არ ვარ.

გუშინწინ მეტროში ერთი გოგო გამოვარჩიე, იჯდა ვაგონში თავისთვის, უცნაური ჩაცმულობით ყველას თვალში ეცემოდა. იჯდა და ჯეიმს ჯოისის დუბლინელებს კითხულობდა ორიგინალში. წითელი მოკლედ შეჭრილი თმა და წითელად შეღებილი მოკუმული ტუჩები, სათვალეები, წითელი ლაქი ფრჩხილებზე, აჟურული კოლგოტი წითელი არშიებით და მოკლე შორტები, ისევე იყო კონტექსტიდან ამოვარდნილი, როგორც, ჩემი ოფისის ოთახში ჩემი სამუშაო მაგიდა.
რუსთაველის გაჩერებაზე ჩამოვედით ორივე, ესკალატორზე ზუსტად ჩემს წინ იდგა და და ჩუმად ვათვალიერებდი. ჩემი წარმოსახვით ოდნავ წვრილი, კაპასი ხმა უნდა ჰქონოდა, ცოტა გამაღიზიანებელიც, შეიძლება რადიკალფემინისტურადაც კი იყო. ორი ნაჭრის ჩანთა ქონდა მხარზე გადაკიდებული და ესკალატორზეც აგრძელებდა ჯოისის კითხვას, საშინლად მომინდა იმ წამს გამოლაპარაკება და ლაპარაკი ჯოისზე, მაგრამ თავი შევიკავე, ბოლო მომენტამდე სულ ესეა ხოლმე, (გინდა რომ გადადგა ნაბიჯი და მერე უკან იხევ)  
მეტროდან გამოსვლისას ვიფიქრე უკან გავყვები, ალბათ რომელიმე ფემინისტურ ორგანიზაციაში მიდის თქო, მაგრამ სხვა მხარეს წავიდა და აქაც ჩემმა მარაზმატულმა გონებამ სახლში წამოსვლა არჩია... ის მარცხნივ წავიდა, მე მარჯვნივ.

Tuesday, January 8, 2013

შენ არ ხარ აქ და ალბათ არც არასდროს ყოფილხარ...



"როცა ეს ყველაფერი არყოფნაში გადაინაცვლებს,


როცა გაყვავილდება ცხოვრება და ჩვენ აღარ ვიქნებით,

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!"



ყოველწელს ესე ხდება.... ნაძვის ხე ახალიწლის შემდეგ ნაგვის ბუნკერთან ინაცვლებს და იქ იწყებს საბოლოო კვდომას. როცა ვიხსენებთ მაშინ ვხვდებით, რომ ჩვენ ვცხოვრობდით და ეხლა უკვე აღარ ვცხოვრობთ.
შენ მაინც არ ხარ აქ, როცა ჩემი მარტივი გონება კვლავ გეჭიდება.
შენ არ ხარ აქ და ალბათ არც არასდროს  ყოფილხარ...

რა არის ბედნიერება ან უბედურება ეს ყოფითი განცდები საბოლოოდ მაინც ინდივიდუალურია და ადამიანებს არ  ძალუძთ ამ შემთხვევაში ერთმანეთის თანაგრძნობა.

"ვერაფერი აღუდგება წინ სულ უფრო ხშირ განცდას წუთსა, როდესაც აბსოლიტური სიმარტოვე, სრული სიცარიელე და წინათგრძნობა უცილობელი უბედურებისა, რომლისკენაც მიექანება შენი არსებობა, ერთმანეთს ერწყმის და შენც იძირები ჭეშმარიტი ტკივილის სიღრმეებში...
და მაინც არ გინდა სიკვდილი"

კარგი დრო მოვა. სადაც კი მივალ ყველგან ეს მესმის. კარგი დრო მოვა, მაგრამ ალბათ ძალიან გვიან...